Georgian Flag
USA Flag
Sign in

თაფლის სახეობები

წაბლის თაფლი აკაციის თაფლი ცაცხვის თაფლი ყვავილების თაფლი

წაბლის თაფლი - იშვიათი თაფლია ისეთი მომხმარებლისთვის, რომელიც უპირატესობას მომწარო ტკბილ გემოს და ძლიერ არომატს ანიჭებს. წაბლის თაფლი მონოფლორულია. ფუტკრები მას წაბლის ყვავილებიდან აღებული ნექტრისგან ამზადებენ, თუმცა ფუტკარი ცვარტკბილსაც აგროვებს, რომელსაც ზოგიერთი მწერი ხის მერქანზე ტოვებს. წაბლის თაფლი მუქი ფერისაა და მოწითალო ტონი დაკრავს. წაბლის ხეები ძირითადად დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული. თაფლის მოსავალი მოდის შუა ზაფხულში. მასში ფრუქტოზის კონცენტრაცია ძალიან მაღალია, რის გამოც თაფლი ნელა კრისტალდება. წაბლის თაფლი გამოირჩევა ბაქტერიციდული თვისებებით და ძირითადად ანგინის დროს და ჭრილობების სამკურნალოდ გამოიყენება; იგი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, ნაღველის გამოყოფას; გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ, არეგულირებს არტერიულ წნევას და ახდენს თრომბოფლებიტის, ვენების გაგანიერებისა და პროსტატიტის პრევენციას. აკაციის თაფლი - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი თაფლია მსოფლიოში, რაც მისი მსუბუქი გემოთი და სათუთი ტექსტურით არის განპირობებული. ფუტკარი მას აკაციის ხისგან მიღებული ნექტრისგან ამზადებს. საქართველოში ფართოდ გავრცელებულია აკაციის მრავალი სახეობა, რომელთა შორის დომინირებს თეთრი და ყვითელი აკაცია. ქართველი მეფუტკრეები აკაციის თაფლის მოსავალს გაზაფხულის მიწურულს იღებენ. აკაციის თაფლი ღია გამჭვირვალე ფერისაა, რომელსაც ვარდისფერ-ოქროსფერი ელფერი და ფორთოხლისფერი ყვავილების ტონი დაკრავს. მისი შემადგენლობა მსუბუქია და შესაბამისად, ადვილად მოსანელებელი. ფრუქტოზის მაღალი კონცენტრაციის გამო, აკაციის თაფლი სხვა სახეობის თაფლთან შედარებით უფრო ნელა კრისტალდება. იმის გამო, რომ ძალიან ტკბილია, აკაციის თაფლი შაქრის უჯანსაღესი ალტერნატივაა, რომელიც რეკომენდებულია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვისაც კი; აკაციის თაფლს გააჩნია ანტიანთებითი და ბაქტერიციდული ეფექტი, ასევე გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პრევენციისთვის. ის ხელს უწყობს საკვების გადამუშავებას. ცაცხვის თაფლი - მონოფლორული თაფლია, რომელსაც ფუტკარი ცაცხვის ყვავილის ნექტრისგან ამზდებს. კავკასიური ცაცხვი საქართველოში ფართოდ გავრცელებული სახეობაა, რომელიც ზაფხულის დასაწყისში ყვავილობს. თაფლის შეფერილობა ქარვისფერიდან მუქ ფერში გადადის, მაგრამ უფრო ხშირად ღია ფერის არის. მუქი ფერის ცაცხვის თაფლი უფრო დასავლეთ საქართველოსთვის არის დამახასიათებელი, სადაც ცაცხვის ყვავილობის პერიოდი წაბლისა და სხვა თაფლოვანი მცენარეების ყვავილობის პერიოდს ემთხვევა, რაც თაფლს განსხვავებულ არომატს აძლევს. თაფლი ნორჩი ხის სურნელს ტოვებს, რომელსაც პიტნისა და ქაფურის გამაგრილებელი არომატი აქვს. ცაცხვის თაფლი ტკბილია, თუმცა ხანდახან ცოტა სიმწარეც დაკრავს. მასში გლუკოზის კონცენტრაცია ოდნავ ჭარბობს შაქრის მაჩვენებელს, რაც უფრო სწრაფად დაკრისტალებას უწყობს ხელს, ვიდრე ეს აკაციის ან წაბლის თაფლის შემთხვევაში ხდება. ცაცხვის თაფლი ვიტამინების, მიკრო და მაკრო ნუტრიენტების, მინერალებისა და მჟავების ბრწყინვალე კომბინაციას შეიცავს, რაც მას უამრავი დაავადების სამკურნალოდ დამატებით თვისებებს ანიჭებს. ცაცხვის თაფლის მიღება რეკომენდებულია გრიპის, ხველების და მაღალი ტემპერატურის დროს. ყვავილის (ნექტრის) თაფლი - პოლიფლორული თაფლია, რომელიც მიიღება საქართველოში ფართოდ გავრცელებული შერეული სახეობის ყვავილებისგან. თაფლის შეფერილობა ქარვისფერიდან მუქ ქარვისფერში გადადის, ზოგჯერ უფრო მუქიც შეიძლება იყოს, რაც მასში ცვარტკბილას კონცენტრაციაზე მიუთითებს. თაფლი შეიცავს სხვადასხვა ყვავილის მტვერს, როგორიცაა მაგალითად, სამყურა, მოცხარი, კავკასიური ლაშქარა, ცაცხვი, თეთრი ტირიფი ან კურკიანა მცენარეები. მას შეიძლება სხვადასხვა არომატი ჰქონდეს, მაგრამ გემო ყოველთვის დახვეწილი და პიკანტური აქვს. მასში გლუკოზა ფრუქტოზის შეფარდება შეიძლება სხვადასხვა იყოს, რაც დომინანტურ ყვავილზეა დამოკიდებული. თაფლს გააჩნია უამრავი სამკურნალო თვისება. ადგილობრივები მას გრიპის, დიარეის, სითხის შეკავების და სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების დროს იყენებენ.